მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მომსახურების ზოგადი წესები:

  1. მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება.
  2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობის კომისია.
  3. მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ.
  4. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:
    • ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;
    • პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;
    • მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;
    • დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;
    • დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;
    • ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;
    • ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;
    • მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.
  5. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და ზედამხედველობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ ხარისხის დაცვას.
  6. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, ბილინგის ინფორმაციისა და დავალიანების შესახებ უფასო საინფორმაციო მომსახურებით და შესაბამისი ანგარიშით.
  7. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი აბონენტისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოს საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრები.
  8. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს კომისია ნორმატიული აქტით.